ათეა მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს
2022-10-28 16:35:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებთან და გენდერზე პასუხისმგებელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მისი განცხადებით, ათეამ, გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, ათივე სამიზნე მუნიციპალიტეტში, პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და ადმინისტრაციების, ასევე, აპარატის წარმომადგენლებისთვის, უკვე ჩატარდა თემატური ტრენინგები.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ინტენსიურად ვთანამშრომლობთ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან, რომლებსაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე ვაძლიერებთ. ხოლო იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც არ არის დამტკიცებული სამოქმედო გეგმები, აღნიშნული დოკუმენტების შემუშავებაში ვეხმარებით. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, სწორედ მიმდინარე პროცესზე ვიმსჯელეთ და ამავდროულად გვქონდა საშუალება, პროექტით გათვალისწინებული სამომავლო გეგმებიც განგვეხილა“-განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
როგორც ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტებთან საკონსულტაციო შეხვედრები მომდევნო კვირიდან კვლავ განახლდება, სადაც ადგილზე ჩატარებული ფოკუს ჯგუფების დროს გამოკვეთილ პრიორიტეტებთან ერთად, თვითმმართველობების წარმომადგენლები, საკუთარ ინიციატივებსა და წინადადებებსაც წარმოადგენენ, რომლებიც სამომავლო პერსპექტივების დაგეგმვასა და განხორციელებას ისახავს მიზნად.