ქართული დელეგაცია სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
2022-11-03 14:55:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და CORLEAP-ის დელეგაციის წევრი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი - იოსებ ხახალეიშვილი და ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა, CORLEAP-ის დელეგაციისა და ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლებთან - მარიამ ჩხიკვიშვილთან და სანდრო სორდიასთან, ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთან და ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანთან - ნოდარ კობიაშვილთან და ტატიანა ბოკუჩავასთან ერთად, სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისა და კრიზისების მართვის სპეციფიკას გაეცნენ და აღნიშნული მიმართულებებით განხორციელებული პროექტები ადგილზე მოინახულეს.
სასწავლო ტურის ფარგლებში, რომელიც ორ ჯგუფად დაიყო, მონაწილეთა ნაწილი ქალაქ სმრჟოვკას ეწვია, სადაც მასპინძელმა მერმა, სტუმრებს ჩეხეთის რესპუბლიკის მცირე მუნიციპალიტეტებისთვის შექმნილი თანამშრომლობის მოდელი გააცნო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თანამშრომლობის აღნიშნული მოდელის ფუნქციონირება მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს გააერთიანონ რესურსები და ერთად განახორციელონ პროექტები, რომლებიც ადგილობრივი განვითარების, ტურიზმისა და სხვა სფეროების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
სასწავლო ტურის მეორე ჯგუფი კი, ქალაქ რიბერეკში უკრაინელი ლტოლვილების დახმარების რეგიონულ ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო იმ პროცედურებსა და მეთოდს, რომლებიც ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება.
მოგვიანებით, დელეგაციის წარმომადგენლები ქალაქ ჰრადეკ ნად ნისოუში ჩავიდნენ, სადაც მოხალისე მეხანძრეები მოინახულეს და მასპინძელი მერისგან დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია საზღვრისპირა თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ჩეხ კოლეგებს, აღნიშნული მიმართულებით საქართველოში გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლოდ, კიდევ უფრო პროდუქტიული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.