ნათია ღვინაშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2022-04-07 16:35:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილემ- ნათია ღვინაშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგში, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგზე მსჯელობას დაეთმო, დასავლეთ საქართველოდან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმში მონაწილე ექვსი მუნიციპალიტეტის 25-მდე წარმომადგენელი იყო ჩართულნი.
შეხვედრა ნათია ღვინაშვილმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესში, გენდერული თანასწორობის საკითხებში, მომხსენებელთან - ეირინ დურუსთან, ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელთან და პროექტის მენეჯერთან - ნინო ცაგარეიშვილთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან - სოფო რუსეკისთან ერთად გახსნა.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის საქმიანობისა და მანდატის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმ პრიორიტეტებსა და ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც წევრ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით ხორციელდება და იგეგმება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობისთვის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე და ასევე, მუნიციპალიტეტებს შორის გენდერული თანასწორობის შესახებ გამოცდილების გაცვლის ქმედითი მექანიზმების შემუშავებაზე. მონაწილეებმა, აგრეთვე განიხილეს ევროპული კარგი პრაქტიკა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
ტრენინგის ერთ-ერთ თემას გენდერული მეინსტრიმინგი წარმოადგენდა, სადაც ნათია ღვინაშვილმა, ასოციაციის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო ხასიათის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების დამხმარე სახელმძღვანელოს შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ათეა-ს მიზანს, აღნიშნული მიმართულებით, ადგილზე არსებული გამოწვევების დაძლევა წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, ათეა-სთან თანამშრომლობით გამართა, ასევე, ჯგუფური სამუშაოებითა და დისკუსიის ფორმატით იყო დატვირთული, რომელსაც მოდერაციას, ადამიანის უფლებების ექსპერტი - ანა აბაშიძე უწევდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამართული ორდღიანი ტრენინგი, პროექტის "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.