ათეას ორგანიზებით ..შავი ზღვის მუნიციპალიტეტების ფორუმი - დასაწყისი“ გაიმართა
2022-11-21 14:55:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და მართვისა და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბის ორგანიზებით, - ..შავი ზღვის მუნიციპალიტეტების ფორუმი - დასაწყისი“ გაიმართა, რომელიც საქართველოს შავიზღვისპირა მუნიციპალიტეტების საჭიროებების გამოვლენაზე მსჯელობას დაეთმო.
ონლაინ შეხვედრა, რომელშიც რვა ქართული მუნიციპალიტეტი, ასევე საქართველოსა და სხვა ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები იყვნენ ჩართულნი, მართვისა და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბის დირექტორმა - ზვიად არჩუაძემ გახსნა.
შეხვედრის ორგანიზატორმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული პლატფორმა, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების, ასევე საერთაშორისო ინიციატივების გაზიარებასა და დიალოგზეა ორიენტირებული, რაც უცხოელ კოლეგებთან ერთად, ინდივიდუალურ და ერთობლივ საჭიროებებსა და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობას გულისხმობს.
ფორუმზე, რომელსაც ზვიად არჩუაძესთან ერთად, ათეას საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი - ტატიანა ბოკუჩავა უწევდა მოდერაციას, ძირითადი აქცენტები ლურჯ ეკონომიკაზე, ზღვისპირა მუნიციპალიტეტების და ქვეყნის სხვა დასახლებებს შორის ადამიანების და ტვირთების მობილობაზე, კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციასა და კატასტროფების რისკების პრევენციაზე, ასევე დასახლების განვითარების საკითხებზე და ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის შენარჩუნება/განვითარებაზე გაკეთდა.
შეხვედრის პირველი ნაწილი ხელვაჩაურის, ბათუმის, ქობულეთისა და ოზურგეთის, ასევე, ლანჩხუთის, ფოთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების პრეზენტაციებს დაეთმო, სადაც არსებულ გამოწვევებთან ერთად, დეტალურად იყო წარმოდგენილი საქართველოს სანაპირო ზონებში გატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
დღესვე, პრეზენტაციები გამართეს ორგანიზაციის "საქართველო - სამი ზღვის ინიციატივა“ თავმჯდომარემ - კოკი იონათამიშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - დავით ბუჯიაშვილმა, რომლებმაც ფორუმის მონაწილეებს საერთაშორისო ინიციატივები და პროგრამები გააცნეს.
მესამე სესია კი, უცხოელი ექსპერტების მოხსენებებს დაეთმო, სადაც ლატვიის თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - მუდიტე პრიედემ, საულკრასტის წარმომადგენელმა - ზანდა ბისტერემ და ბულგარეთის შავი ზღვის თვითმმართველობათა გაერთიანების პროექტების მენეჯერმა - ელენა სიმეონოვამ, დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და საკუთარი მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკები წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის სამივე სესია, დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასასრულს კი, მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის წინადადებები შეიმუშავეს და კიდევ უფრო პროდუქტიული ურთიერთობის იმედი გამოთქვეს.
ღონისძიება - ..შავი ზღვის მუნიციპალიტეტების ფორუმი - დასაწყისი“, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ,,ნიდერლანდების დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ’’ მხარდაჭერით გაიმართა.