საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
2022-12-01 23:15:00ბრიუსელში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების რიგით მეოთხე ფორუმის ფარგლებში, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბალკანეთის ქვეყნების დელეგაციებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს სამმართველოს უფროსის მოადგილესთან - ჟულიენ ბურტემბურგთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული განყოფილების პოლიტიკურ ოფიცერთან, მიხალ მადლთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობასაც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები- ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი - ლევან ჟორჟოლიანი და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტი - ნინო რუხაძე, ათეას აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან ერთად წარმოადგენდნენ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საქართველოსა და ქართველი ხალხის უპირობო არჩევანია.
შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლებების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მიმდინარე რეფორმებსა და პარტნიორობის გაღრმავების ახალ გზებზე ისაუბრეს.
„ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების დიდი ნაწილის იმპლემენტაცია სწორედ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებში შედის. შესაბამისად, ვაცნობიერებთ იმას, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების გვერდით უნდა ვიდგეთ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა ყველგან მკაფიოდ გავაჟღეროთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირისკენ სწრაფვაა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს და იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი ორი ქვეყნის შემდეგ, საქართველოსაც მალე მიენიჭება. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ქართული დელეგაცია ხვალ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების რიგით მეოთხე ფორუმში ჩაერთვება, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე მსჯელობას დაეთმობა.