ზურაბ აბაშიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2022-12-12 14:40:00ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი,თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზურაბ აბაშიძე ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის - ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარის სტატუსით აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა (EaP) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
როგორც CORLEAP- ის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება მოქალაქეების, ადგილობრივი თემებისა და რეგიონების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საქმეში უდიდეს როლს ასრულებს CORLEAP-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც 2023 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში გაიმართება.
ღონისძიებაზე ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის მონაწილეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენებისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, მინისტერიალის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის, როგორც მწვანე და ციფრული ცვლილებების, ისე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ძირითადი საშუალების შემუშავების საკითხი.
მინისტერიალი უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობითა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მონაწილეობით გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.