გიორგი ტყემალაძემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და ათეას თანამშრომლობით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2022-12-12 17:55:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და ათეას თანამშრომლობით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება, რომლის მთავარ თემასაც “ადამიანის უფლებები და გარემო - ადგილობრივი პერსპექტივები მდგრადი განვითარებისათვის” წარმოადგენდა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მწვანე პოლიტიკის შექმნის პროცესში, მუნიციპალიტეტების გამოცდილებების გაცვლასა და არსებული გამოწვევების დაძლევის ეფექტიან და გრძელვადიან გზებზე მსჯელობას დაეთმო.
გიორგი ტყემალაძემ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და განსახილველი თემების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლის კონსტიტუციაშიც, ჯანსაღ გარემოზე წვდომა, ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებადაა წარმოდგენილი და რომლის უზრუნველყოფაც დიდწილად ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
გარემოს დაბინძურების დიდი ნაწილი, სწორედ ქალაქებზე და ქალაქური ტიპის დასახლებებზე მოდის, რომლებიც ეკონომიკურად აქტიურ ცენტრებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესებს დააბალანსებს და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ჯანსაღ და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს შექმნის “ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ათეას წარმომადგენელმა, დამსწრე საზოგადოებას თბილისის მაგალითიც გააცნო და განმარტა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომ რგოლს, ყოველდღიურ რეჟიმში უწევს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება.
„ბოლო წლებია საქართველოს მუნიციპალიტეტები ადგილობრივი პროექტების დაგეგმვისას აქტიურად ვხელმძღვანელობთ გარემოსდაცვითი პრიორიტეტებით, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ არის მიმართული, ურბანული დაგეგმარება, შესაბამისი სამოქმედო დოკუმენტების შემუშავება თუ სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ამ პასუხისმგებლობის გლობალურად აღიარება, სათანადო მოთამაშედ წარმოჩენა და მისი განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ვფიქრობ, ამ ლოგიკით, გარემოს დაცვის პერსპექტივაში ადამიანის უფლების ახლებური გააზრება და კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია ახალი შესაძლებლობაა პროექტის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის გასაგრძელებლად“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის - “ ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების, მათი ეროვნული ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობას, რათა მათ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენა შეძლონ.