კონფერენცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“

2022-12-15 10:50:00

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და MAC Georgia-ს ორგანიზებით, დასკვნითი კონფერენცია, სახელწოდებით - „დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ გაიმართა.

ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში მოეწყო და მასში პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამიზნე მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.

კონფერენციაზე, რომელსაც ათეას აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა უწევდა ფასილიტაციას, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა, USAID საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - ლისა კოვაკიმ და MAC Georgiა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - ჯერემი გასკილიმ.

მომხსენებლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მიზნით განხორციელებული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნული მიმართულებით, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.

კონფერენციის პირველი სესია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულებასა და აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკებზე მსჯელობას დაეთმო, დავით მელუამ გახსნა.

ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დეტალურად ისაუბრა კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში ადგილობრივ დონეზე უფლებამოსილებების დელეგირების საკითხებზე, რის შემდეგაც, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით, მუნიციპალიტეტებში განხორციელებული სხვადასხვა სოციალური პროგრამები მიმოიხილა.

მანვე, ათაესა და MAC Georgia-ს მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის - ,,შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა“ მიზნებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ასოციაციის წარმომადგენელმა, ათეას მიერ 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები წარმოადგინა დამონაწილეებს ამ კუთხით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

ათეას ექსპერტმა - კახა გურგენიძემ კი, ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოსა და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე, ასევე აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამომწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ - მაიზერ ნანავამ, დამსწრე საზოგადოებას შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით საკუთარ მუნიციპალიტეტში განხორციელებული სოციალური პროგრამები და კარგი პრაქტიკის მაგალითები გაუზიარა.

კონფერენციაზე, ასევე მოხსენებებით წარსდგნენ კოალიცია ,, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ თავმჯდომარე - გიორგი ძნელაძე და დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ხელმძღვანელი, MAC Georgia-ს წარმომადგენელი - ცირა ბარქაია.

გამომსვლელებმა დამოუკიდებელი ცხოვრების მოდელის მნიშვნელობასა და მის სარგებელზე, ასევე დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების დაარსების გამოცდილებასა და მომსახურების სტანდარტებზე გაამახვილეს ყურადღება, მოგვიანებით კი, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, პროგრამების კარგ და წარუმატებელ მხარეებზე იმსჯელეს.

დღესვე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პრეზენტაციები მოეწყო დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების ფუნქციონირების შესახებაც, რომლებიც კონფერენციაზე აღნიშნული ცენტრების ლიდერებმა წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ოთხივე სესია, რომელიც დავით მელუამ ცირა ბარქაიასთან ერთად შეაჯამა, დისკუსიის ფორმატს მოიცავდა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დამოუკიდებელი ცხოვრების ორწლიანი პროგრამა, ორგანიზაციების - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ასევე მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC) პარტნიორობითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს - ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და ლაგოდეხი წარმოადგენენ.


ფოტო გალერეა