გიორგი ტყემნალაძე: ათეა ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას ემსახურება
2022-12-16 14:55:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მეხუთე ეროვნული კონფერენციის მუშაობასა და საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.
კონფერენცია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო გაერთიანებების, მათ შორის ათეას პარტნიორი - გაეროს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ, ათეას ვიცე-პრეზიდენტმა გახსნა.
გიორგი ტყემალაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტები არა მხოლოდ ქმნიდნენ მუნიციპალური სერვისების მიწოდების კარგ პრაქტიკას, არამედ საკუთარი გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით, სხვა მუნიციპალიტეტების წარმატებასაც უწყობდნენ ხელს.
„ვფიქრობ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მნიშვნელოვანი მხარეა ადგილობრივი თვითმმართველობების მოტივირება, რომ გააუმჯობესონ საქმიანობის ხარისხი. ათეას როლი მუნიციპალიტეტებს შორის ჰორიზონტალური თანამშრომლობის და წარმატებული გამოცდილების გაზიარებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. ათეა ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას ემსახურება“,- განაცხადა ათეას ვიცე პრეზიდენტმა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეხუთე ეროვნულ კონფერენციაზე 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები ხაშურის, ქუთაისის, ქედის, ფოთისა და ჩოხატაურის, ასევე, ბათუმის, ზუგდიდის, ონის, დუშეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.