შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციისა და ევროპული სკოლის წარმომადგენლებთან
2023-03-23 20:35:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე -პრეზიდენტები - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ჩიქოვანი, ათეას აღმასრულებელი საბჭოსა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან - ლევან ჟორჟოლიანთან და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელთან - ოთარ გრიგოლიასთან ერთად, "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციისა" და ევროპული სკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სტრასბურგში გამართულ მიღებაზე, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის - თამარ ტალიაშვილის ინიციატივით მოეწყო, მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის პროგრესისა და რეფორმების განხორციელების საქმეში.
შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა ევროპის საბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებს.
აღსანიშნავია, რომ მიღების პარალელურად, საელჩოში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით - „ხელოვნება მშვიდობისთვის“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ოკუპაციის თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები, მხატვრების თეა გუნთაიშვილისა და ინგა ზეიკიძის ავტორობით.
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაცია საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობს, რაც მოსწავლე-ახალგაზრდების სტრასბურგში ევროპულ ინსტიტუტებში დელეგატის სტატუსით დასწრებას მოიცავს. ღონისძიებაში თბილისისა და ბათუმის სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართული.