ბავშვის უფლებებზე მორგებულ პროგრამირებასთან დაკავშირებით პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

2023-04-24 17:55:00

მუნიციპალიტეტებში ბავშვზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდისა  (UNICEF) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში, რომელიც პროექტის -„მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებაში“ შედეგების განხილვას დაეთმო,  საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - მზია გიორგობიანთან და ათეას აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა - აგატა ნიებოიმ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ - ემი კლენსმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა - თამარ კურტანიძემ.

გამომსვლელებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამირების მოდელზე, რომელიც ემსახურება დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირებას და შესაბამისი მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებას. მათვე, 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში, საქართველოში გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში UNICEF -ისა და ათეას ჩართულობას გაუსვეს ხაზი.  

გახსნითი ნაწილის შემდეგ, პროექტის კოორდინატორმა და ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტის აქტივობები, მიგნებები, გამოწვევები და შედეგები.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებმა კოლეგებს  საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს, რის შემდეგაც ექსპერტებმა - დავით მელუამ და კახა გურგენიძემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, სოციალური პროგრამირების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ  პროექტში, „მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებაში“,  10 სამიზნე მუნიციპალიტეტი - ბათუმი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური, ახალციხე, ქარელი, დუშეთი, მარნეული და თელავია ჩართული.

პროექტის ამოცანაა, შეიქმნას და ადგილობრივ დონეზე დაინერგოს მტკიცებულებაზე დამყარებული და ბავშვზე ფოკუსირებული სოციალური პროგრამების შემუშავების მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები შემუშავებულია სოციალური პროგრამირების სრული ციკლის სამივე ეტაპის  -  საჭიროებათა კვლევა, პროგრამების შემუშავება და მისი მონიტორინგი, მხარდასაჭერად.

 

ფოტო გალერეა