ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუნიციპალიტეტებისთვის მორიგი სემინარი გაიმართა
2023-04-28 14:55:00ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.
აღნიშნული მიზნით, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების დღეს, 27 აპრილს, კახეთში მორიგი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ანტიდისკრიმინაციული და ინკლუზიური კომუნიკაციის საკითხებსა და საუკეთესო პრაქტიკის სასწავლო გზის შესახებ მსჯელობას დაეთმო.
ორდღიან სემინარში, პროექტის - ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან - ნატალია ვუტოვასთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დირექტორთან - რაფაელ ბენიტესთან და ათეა-ს აღამსრულებელი საბჭოს წევრთან - ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ლაშა დარსალიამ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდერ კარნერიმ.
გამომსვლელებმა ევროსაბჭოსა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
სემინარის ძირითად თემას ინკლუზიური კომუნიკაციის გაძლიერება წარმოადგენდა, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის წვდომისა და ცნობიერების ამაღლების ეფექტიანი კამპანიების დაგეგმვისთვის გამოიყენება.
ღონისძიება რამდენიმე სესიად დაიყო, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროსაბჭოსა და მისი წევრი ქვეყნების საუკეთესო მაგალითებს და საკომუნიკაციო გეგმის შემუშავების ძირითად პრინციპებს.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, ასევე დეტალურად იმსჯელეს მოწყვლადი თემების გამოწვევებზე და აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციულ სავარჯიშოებში, რომლებიც ინკლუზიური კომუნიკაციის უნარების გაძლიერების მიზნით მოეწყო.
შეხვედრა ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელმა, პროექტის უფროსმა ოფიცერმა - ნინა გელაშვილმა შეაჯამეს და სემინარის მონაწილეებს პროექტის მომდევნო ეტაპები გააცნეს.
ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულში გამართული სემინარი, პროექტის -“საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.