დავით მელუამ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმში მიიღო მონაწილეობა
2023-05-31 00:00:00ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქში ტარდება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმი სახელწოდებით „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნესმეგობრული“.ამ ფართომასშტაბიანი ღონისძიების თემატიკაა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციები და საჭიროებები რომელთა გადაჭრაც ქალაქების ხელისუფლებისგან სრულ ჩართულობას და პროაქტიულ ქმედებებს ითხოვს.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო და სესიაზე ,,ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში“ სიტყვით გამოვიდა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა
ათეას წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა რომ პროცესი, რომელსაც თანმიმდევრულობა და მემკვიდრეობითობა ახასიათებს, 1998 წლიდან მიმდინარეობს.
,, უნდა ითქვას, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ეს არის რეფორმა რაზეც საზოგადოებრივი აზრი მეტწილად შეჯერებულია და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ყველასთვის ცხადია რომ ეს საჭირო და აუცილებელია საქართველოსთვის", - აღნიშნა დავით მელუამ.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და არსებულ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება. დავით მელუას განცხადებით, წვრილმან დეტალსაც კი შეუძლია შეასუსტოს საკანონმდებლო ბაზის ეფექტიანობა და გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედუნარიანობაზე.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია ითხოვს, რომ თვითმმართველობა დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებას, საკუთარი უფლებამოსილება იყოს სრული და ექსკლუზიური, რაც კიდევ არ არის სრულად უზრუნველყოფილი საქართველოში. როდესაც ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, სწორედ ასეთ დეტალებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. აუცილებელია მომავალში სწორედ ასეთ საკითხებს მივაქციოთ ყურადღება, რათა ჩვენი თვითმმართველობის სისტემა იყოს მკაფიო, ეფექტური და კონსტიტუციურ გარანტიებთან სრულად შესაბამისი“,- განაცხადა დავით მელუამ.
აღნიშნულ სესიაზე, ასევე მოხსენებით წარდგნენ ათეა-ს აღამასრულებელი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი - ლევან ჟორჟოლიანი, CEMR-ის ვიცე- პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი - ნინო რუხაძე, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი - დავით ჩერქეზიშვილი.
ორდღიანი ფორუმი თბილისის მერმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, დიპლომატები, უცხოელი სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.