თბილისი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) კომიტეტის სხდომას მასპინძლობს

2023-06-06 18:35:00

6-7 ივნისს თბილისი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) კომიტეტის სხდომას მასპინძლობს.

ღონისძიება მერიის მოწვევითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მხარდაჭერით იმართება და მასში ევროპის ოცი ქვეყნის დელეგაციის ასამდე წევრი იღებს მონაწილეობას.

შეხვედრა ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა - ფაბრიციო როსიმ გახსნა და მასპინძელი ქალაქისა და ათეას ხელმძღვანელ პირებს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მოხარულნი ვართ, რომ დღეს, თბილისში ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე თქვენთან ერთად ვიმყოფებით. საქართველო ჩვენთვის წარმოადგენს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილს და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მას მხარს ევროკავშიისკენ მიმავალ გზაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირთან შეერთების შესაძლებლობა მალე მიეცემა და ჩვენს ევროპულ ოჯახში ოფიციალურად მივესალმებით“, - აღნიშნა CEMR-ის გენერალურმა მდივანმა.

მისივე განცხადებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრია.

,,ეს პროცესი უნდა დაიწყოს ქვემოდან ზემოთ, თითოეული ადამიანის საჭიროებიდან და ამ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე“ - აღნიშნა ფაბრიციო როსიმ.

CEMR-ის პოლიტიკური კომიტეტის შეხვედრის მონაწილეებს, ასევე სიტყვით მიმართეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მერმა - კახა კალაძემ და ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ.

ასოციაციის ხელმძღვანელმა პირებმა, CEMR-ის დელეგატებს ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

კომიტეტის სხდომაში ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს დელეგატებთან ერთად, ათეას მიერ CEMR-ში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრები, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების, მათ შორის თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR), რომელშიც ათეა 2010 წლიდანაა გაწევრიანებული, უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.

 

ფოტო გალერეა