CEMR-ის პოლიტიკური კომიტეტის ორდღიანი სხდომა დასრულდა
2023-06-07 00:00:00ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) პოლიტიკური კომიტეტის ორდღიანი სხდომა დღეს დასრულდა.
თბილისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც CEMR-ის გენერალური მდივანი - ფაბრიციო როსი უძღვებოდა, დელეგატებმა 2023 წლის სამუშაო პროგრამის შესრულების ანგარიში განიხილეს და ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
სხდომის მონაწილეები, ასევე ცირკულარული ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ ჩარჩო დოკუმენტის პრეზენტაციას გაეცნენ და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.
ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს დელეგატებთან ერთად, კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ ათეას მიერ CEMR-ში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრები და საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ მასშტაბური ღონისძიება თბილისის მერიის მოწვევითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, ფინეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის და კვიპროსის დელეგაციების ასამდე წევრი იყო ჩართული.
ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR), რომელშიც ათეა 2010 წლიდანაა გაწევრიანებული, უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.