თბილისში ათეასა და ALAL-ის ერთობლივი სემინარი გაიმართა
2023-06-06 14:35:00ლიეტუვასა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სემინარი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერითა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR ), ასევე ლიეტუვას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (ALAL) ორგანიზებით მოეწყო.
შეხვედრა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, (ALAL) -ის აღმასრულებელმა დირექტორმა - რომა ჟაკაიტიენემ, საქართველოში ლიეტუვას ელჩმა - ანდრიუს კალინდრამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა - ნიკოლოზ როსებაშვილმა, ასევე CEMR- ის გენერალურმა მდივანმა, ფაბრიციო როსიმ და CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს წევრმა - ნინო რუხაძემ.
გამომსვლელებმა ორი ქვეყნის მეგობრობაზე ისაუბრეს და საქართველოსა და ლიეტუვას მუნიციპალიტეტებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიება ორ სესიად დაიყო, სადაც სემინარის მონაწილეებმა რეგიონის განვითარებაში მუნიციპალიტეტების როლზე, ასევე ქვეყნებში თვითმმართველი ერთეულების ფინანსური გათანაბრების ეფექტიან პოლიტიკაზე იმსჯელეს.
ლიეტუვას მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან, CEMR -ის ქართული დელეგაციის წევრებთან და ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოდან სესიებში ჩართულნი იყვნენ ათეას აღმასრულებელი დირექტორი, დავით მელუა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე და თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი, გაიოზ თალაკვაძე.
სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
შეხვედრა დავით მელუამ, PLATFORMA-ს ოფიცერთან, ბელა ცხელიშვილთან ერთად შეაჯამა.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას დელეგაცია, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მოწვევით, CEMR -ის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 6-7 ივნისს თბილისში გაიმართება.