ადგილობრივ თვითმმართველობათა მესამე ფორუმი

2023-07-06 19:50:00

საქართველოში ადამიანის უფლებების ლოკალიზების, კერძოდ, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიასთან დაკავშირებული ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობათა რიგით მესამე ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საქართველოს სახალხო დამცველთან, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისა და აღნიშნული პლატფორმის წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ფორუმში ჩართულნი იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ევროპის საბჭოს, ათეასა და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ, ათეას აღმასრულებელი საბჭოს ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, დუშეთის მერმა - მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა.

მომხსენებლებმა ევროპის საბჭოს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება.

პირველი სესია, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და ადამიანის უფლებების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა, მარია მარინოვა-ალკალაიმ გახსნეს. აღნიშნულ სესიაზე ყურადღება გამახვილდა ახლადარჩეული სახალხო დამცველისა და მისი აპარატის პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელებასთან. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების როლს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დიალოგის სამომავლო პერსპექტივებს.

ფორუმზე, ათეას აღმასრულებელ საბჭოში ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის ახლადშექმნილი კომიტეტის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარემ წარუდგინა.

მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ დეტალურად ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის წესდებაზე, მიზნებზე, ამოცანებზე, გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე.

ათეას ექსპერტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნინო ზურაბიშვილმა კი, ათეას "ადამიანის უფლებათა დაცვაში მუნიციპალიტეტის როლის გაზრდის 2023-2025 წწ სტრატეგიის" პროექტი მიმოიხილა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ათეას თანამშრომელთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას და დანერგვას.

ფორუმის მეორე ნაწილი პროექტის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების პრეზენტაციებს დაეთმო,

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატმა, ნინო რუხაძემ, ასევე, ბოლნისის, მარნეულის, ონისა და ოზურგეთის მერიებისა და საკრებულოების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, გიგა ცალუღელაშვილმა, დავით ჭიკაძემ, თამარ ხომასურიძემ და ალეკო მამეშვილმა კოლეგებს, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, უახლესი ადგილობრივი ინიციატივები გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს, პროექტის უფროსმა ოფიცერმა, ნინა გელაშვილმა და საერთაშორისო ექსპერტმა მარია მარინოვა-ალკალაიმ, ფორუმის შეხვედრების შედეგები მიმოიხილეს და ადგილობრივი ხელისუფლების ახალი საჭიროებების, პრიორიტეტებისა და მომავალი პერსპექტივების დადგენის მიზნით, მონაწილეებთან გამართეს დისკუსია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სესიაზე გაჟღერებული ინიციატივები, მნიშვნელოვნად აისახება შემდგომი საპროექტო წინადადების მომზადების პროცესზე.

ადგილობრივ თვითმმართველობათა რიგით მესამე ფორუმს მოდერაციას უწევდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელი, თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროსი - მარიტე მორასი და ადგილობრივი ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ანა არგანაშვილი.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე ​მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების, მათი ეროვნული ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობას.

ფოტო გალერეა