ევროსაბჭოსა და ათეას ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა თემაზე, ეთიკის ანტიდისკრიმინაციული კოდექსი გაიმართა

2023-07-07 14:55:00

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეთიკისა და ქცევის ანტიდისკრიმინაციული კოდექსის შემუშავების პრინციპებზე მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრა, ევროსაბჭოს პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო და მასში, სამიზნე მუნიციპალიტეტების, ასევე სახალხო დამცველისა და ათეას აპარატის წარმომადგენლები და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.

პირველ სესიაზე მონაწილეებმა საჯარო ეთიკის შესახებ საერთაშორისო სტანდარტები განიხილეს. ექსპერტების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ხაზგასმული იყო ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მოცემულია ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში.

შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის განხილვის შემდგომ, მონაწილეები საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებასაც გაეცნენ.

საჯარო დაწესებულებებში ეთიკისა და ქცევის კოდექსის მიმართულებით, კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ზუგდიდისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრბმა, სანდრო სორდიამ და გვანცა გრძელიძემ, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა გაჩეჩილაძემ და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტმა, სალომე ფახურიძემ.

კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სესიაზე ასევე განხილული იყო ეთიკის ის ინსტრუმენტები, რომელსაც მუნიციპალური სტრუქტურები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყენებენ.

სემინარის მეორე დღე ჯგუფურმა სამუშაოებმა მოიცვა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ თავადვე ემსჯელათ და გამოეკვლიათ ის პრინციპები, რომლებიც ახალი ეთიკის კოდექსის შექმნისას ან ძველი დოკუმენტის განახლებისას იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, ათეას აღმასრულებელი საბჭოს ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, დუშეთის მერმა - მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელმა, თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროსმა - მარიტე მორასმა.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე ​მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ფოტო გალერეა