საქართველოს უკრაინელი მოსწავლეები სტუმრობდნენ
2023-09-11 13:35:003-9 სექტემბერს, საქართველოს, უკრაინის ქალაქ ლვოვიდან მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სტუმრობდნენ.
კონკურსის „ლვოვის ახალგაზრდა ნიჭიერის“ გამარჯვებული და Mykola Lysenko Lviv national music academy-ს მოსწავლეები და მათი პედაგოგები დედაქალაქში და კახეთში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს და კონცერტებს დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი სტუმრების საქართველოში ვიზიტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) შუამდგომლობითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.
უკრაინელი მოსწავლეების ერთ-ერთი პირველი ვიზიტი თბილისის საკრებულოში განხორციელდა.
სტუმრებთან შეხვედრისას, ათეას ვიცე - პრეზიდენტმა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ უკრაინელი და ქართველი ხალხების კულტურულ და ისტორიულ მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება, მოსწავლეებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენთან სტუმრობთ. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინაში ომის პირველივე დღიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. შესაძლოა, უკრაინის დროშები შენიშნეთ როგორც საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, ასევე სხდომათა დარბაზში. ეს არის ჩვენი სიმბოლური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც კარგად იცის რა არის ოკუპაცია და აგრესია. მინდა გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სტუმრებს, ასევე სიტყვით მიმართა ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო რუხაძემ.
,, ქართველებს და უკრაინელებს არაერთი თვისება აერთიანებთ. ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, სიმართლის და სამართლიანობის გამძაფრებული განცდა. სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს“, -აღნიშნა ნინო რუხაძემ.
4 და 6 სექტემბერს, უკრაინელი მოსწავლეები თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმსა და კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ, სადაც მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს, „სიმბოლოების ენა“ და „იალქნებიდან სამოსამდე“ გაეცნენ.
ლვოვის მუსიკალური აკადემიის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, მუსიკალური კონკურსის Mykola Lysenko Lviv national music academy, „ლვოვის ახალგაზრდა ნიჭიერი“ გამარჯვებულებთან ერთად მუზეუმების დათვალიერებისას სხვადასხვა მუსიკალური ნომერიც შეასრულეს.
4 სექტემბერს, სტუმრებს ქართული ფოლკლორული ანსამბლის „მართვე“ სტუდიაშიც უმასპინძლეს. ანსამბლის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს ფოლკლორული ნიმუშები წარუდგინეს და ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი მოსწავლეები ეროვნულ გალერეას, თბილისის ციფრულ სივრცეს და ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ სტუდიას ეწვივნენ. ასევე, შეხვედრა გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ რაჭველთან.
სტუმრები კახეთშიც გაემგზავრნენ, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და წინანდლის მუსიკალურ ფესტივალს დაესწრნენ.
ვიზიტის დასასრულს, მოსწავლეებმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ძალიან მალე თავადაც შეძლებენ ქართველი მოსწავლეების საკუთარ ქვეყანაში მიპატიჟებას.
უკრაინელმა სტუმრებმა საქართველო 9 სექტემბერს დატოვეს.