ათეამ ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტის სხდომა მოიწვია
2023-10-03 17:25:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტის რიგით მეოთხე სხდომა გამართა, რომელიც ათეას მიერ შემუშავებულ ადამიანის უფლებათა რეალიზებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაძლიერების სტრატეგიაზე (2023-2025) მსჯელობას დაეთმო,
კომიტეტის წევრებთან ერთად, შეხვედრაში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები და ათეას ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო პროცესი აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა, კიდევ ერთხელ, დეტალურად განიხილეს სტრატეგიის მიზნები და დოკუმენტთან დაკავშირებით, საკუთარი ინიციატივები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიის საბოლოო ვერსიაზე კომიტეტი შემდგომ სხდომაზე იმსჯელებს, მანამდე კი, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლების მიერ მომზადდება წინადადებები, რაც განხილვის შემდგომ აისახება დოკუმენტში.
ადამიანის უფლებათა რეალიზებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაძლიერების სტრატეგია (2023-2025) წარმოადგენს ათეას განაცხადს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაზრდის შესახებ. დოკუმენტი ემყარება ევროპულ ქარტიას -"ქალაქებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ" და მისი ამოცანაა წარმართოს ათეას მუშაობა მის წევრ მუნიციპალიტეტებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუნიციპალური მართვის მორგება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტი ათეას აღმასრულებელი საბჭოს ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბდა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული, ევროპის საბჭოს კონგრესისა და ასოციაციის ერთობლივი პროექტის - „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში შეიქმნა.