მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამირების მიმართულებით, ზუგდიდში ორი შეხვედრა გაიმართა
2023-10-20 00:00:00სოციალური პროგრამირების სფეროში, გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ზუგდიდში მაღალი დონის შეხვედრა მოეწყო.
ღონისძიებაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოციალური საკითხების შესახებ მუნიციპალური პლატფორმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, სამწლიანი პროგრამის "ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში შეიქმნა.
შეხვედრა პროექტის ექსპერტმა და ათეას წარმომადგენელმა, დავით მელუამ გახსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ, ემი კლენსმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პლატფორმის მიზანია, ჩამოყალიბდეს სოციალური პროგრამების დაგეგმვის ყოვლისმომცველი, დეცენტრალიზებული, ბავშვზე ორიენტირებული და საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომა. პლატფორმა ფუნქციონირებს როგორც კომიტეტი, სადაც სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეუძლიათ სოციალური პროგრამების დაგეგმვის შესახებ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტები - „საქართველოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახებზე მორგებულ სოციალურ პროგრამირებაში“ და „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში" მიმოიხილეს, რომელიც დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული პროექტების ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა წარუდგინა.
მოგვიანებით კი, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, რა დროსაც ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური პროგრამირების კუთხით, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ზუგდიდის მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ, სოციალური სამსახურის უფროსმა, ნინო სულუხიამ და ბავშვის განყოფილების უფროსმა ია ეხვაიამ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა.
დღესვე, ათეამ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) პარტნიორობით, მიმდინარე პროექტის -„სოციალური სერვისების მონაწილეობითი დაგეგმვის დანერგვა საქართველოს სამ საპილოტე მუნიციპალიტეტში - ახალციხის, დუშეთის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში“ , შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პროექტის მიზანს, აღნიშნულ თვითმმართველ ერთეულებში, სოციალური პროგრამირების მიმართულებით მონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომის დანერგვა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ათეასთან თანამშრომლობით, სოციალურ პროგრამირებაში მოწყვლადი ჯგუფების ჩართვის ხელშეწყობისთვის, უკვე შემუშავდა მეთოდოლოგია, ასევე მოეწყო ტრენინგები და შერჩეული სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა გამოსავლენად, სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა შესაბამისი კვლევა.
შეხვედრა პროექტის პრეზენტაციასაც დაეთმო, რის შემდეგაც, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ანგარიშები წარმოადგინეს.
ახალციხის მერის მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა, ბოლნისის მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა, ლელა კვირიკაშვილმა და დუშეთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ასლამაზიშვილმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიმოიხილეს და დამსწრე საზოგადოებას, აღნიშნული მიმართულებით, საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში არსებული კარგი პრაქტიკები გააცნეს.
პროექტი, „სოციალური სერვისების მონაწილეობითი დაგეგმვის დანერგვა საქართველოს სამ საპილოტე მუნიციპალიტეტში-ახალციხის, დუშეთის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში“, ათეას მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.