ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესის 45-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
2023-10-24 14:55:00ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაცია, სტრასბურგში მიმდინარე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიაში მონაწილეობს.
ქართულ მხარეს, რომელსაც ევროსაბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს, ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე, თბილისის, სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები - ოთარ გრიგოლია, სევდია უგრეხელიძე და თათია ნიკოლაშვილი, აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - ირაკლი ჭეიშვილი და ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - CORLEAP დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე წარმოადგენენ.
სესია კონგრესის პრეზიდენტის არჩევნებით დაიწყო. მარკ ქულსი, რომელიც ბელგიის სამეფოს წარმოადგენს და 2018 წლიდან აქტიურად მონაწილეობს კონგრესის საქმიანობაში, აღნიშნულ თანამდებობაზე კოლეგებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის წევრები, სესიაზე მოხსენებებით გამოვლენ და დებატებში ჩაერთვებიან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა, რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის შემდგომი ნაბიჯები, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების ანგარიშები და ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში, ახალგაზრდების, როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალის ჩართულობა.
პლენარულ სესიაზე, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, ასევე გაიმართება ევროპის საბჭოს კონგრესის პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და რეგიონთა და ადგილობრივი თვითმმართველობების პალატების პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები.
დელეგატები, აგრეთვე იმსჯელებენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების დონეზე არჩეული წარმომადგენლების მიმართ, სიძულვილის ენის გავლენაზე და ძალადობის აღმოფხვრის პრინციპებზე, გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების შედეგებს და წარმოადგენენ მოხსენებებს, ადგილობრივი და რეგიონული მედიის როლსა და ასევე, ტრანსფორმაციების ეპოქაში, ევროპის ურბანული ქარტიის მნიშვნელობის შესახებ.