ნინო რუხაძე: ,,ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროპის საბჭოს ოფისთან სამოქმედო გეგმის განხორცილებაში და უზრუნველვყოთ განხორციელებული საქმიანობის მაქსიმალური შესაბამობა მუნიციპალიტეტების საჭიროებებთან“
2024-01-18 19:50:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ, საქართველოს საგარეო სამინისტროსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენას დაეთმო.
შეხვედრას, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა, გამოსვლებს დაეთმო, სადაც ნინო რუხაძე მოხსენებით გამოვიდა.
ათეას ხელმძღვანელმა, ასოციაციისა და კონგრესის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტნიორობა, რომელიც 20 წელს ითვლის, ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ნინო რუხაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათეა, მონაწილეობას იღებდა საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის (2024-2027) შექმნაში და მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნულ პროცესში.
,, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას ადამიანის უფლებათა დაცვაში, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების დანერგვაში და ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებაში. ცალკე პრიორიტეტადაა გამოყოფილი გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის საკითხები რაც, ასევე მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროპის საბჭოს ოფისთან სამოქმედო გეგმის განხორცილებაში და უზრუნველვყოთ განხორციელებული საქმიანობის მაქსიმალური შესაბამობა მუნიციპალიტეტების საჭიროებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალშიც გვექნება აქტიური კონსულტაციები ამ გეგმის ფარგლებში“, - აღნიშნა ნინო რუხაძემ.
მისივე განცხადებით, ევროპის კონტინენტზე საქართველოს დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და ინტერ-მუნიციპალური თანამშრომლობა.
,,ასოციაციასა და ევროპის საბჭოს კონგრესს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებაში საქართველოში. ამ დოკუმენტმა, რომელიც 2019 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქნა დამტკიცებული, მაღალი შეფასება დაიმსახურა, ვიმედოვნებთ, ევროპის საბჭოს კონგრესი კვლავ დაადასტურებს ამ შეფასებას მიმდინარე წელს დაგეგმილი მონიტორინგის მისიის ფარგლებში. ჩვენ კი, გამოთქვამთ მზადყოფნას ყოველმხრივი დახმარება აღმოვუჩინოთ კონგრესს ამ მისიის განხორციელებაში”, -განაცხადა ნინო რუხაძემ.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სიტყვით გამოსვლისას, ასევე დეტალურად ისაუბრა, ევროსაბჭოსა და ათეას ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებების ლოკალიზების და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების კუთხით ხორციელდება.
ნინო რუხაძის განცხადებით, გასულ წელს ასოციაციამ შეიმუშავა ადამიანის უფლებების ლოკალიზაციის სტრატეგია და შექმნა ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის საკონსულტაციო პლატფორმა, მისივე თქმით, გაძლიერდა თანამშრომლობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და პრემიერ მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა სფეროში.
,, ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს კონგრესთან“, - აღნიშნა ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა.
ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში ,, თბილისი მარიოტი“ მოეწყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგე უძღვებოდნენ,
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.