ათეას აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ასოციაციის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
2024-01-30 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLVII სხდომა გამართა, რომელსაც ათეას ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომის მონაწილეებმა ორგანიზაციის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოისმინეს ანგარიში და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
საბჭოს წევრებს, ფინანსური დოკუმენტის პროექტი, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ დეტალურად წარუდგინა.
ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ათეას ბიუჯეტი, ორგანიზაციის პრიორიტეტების გათვალისწინებით ორიენტირებულია რეგიონული პლატფორმების, თემატური ჯგუფებისა და მუნიციპალიტეტების საექსპერტო/საკონსულტაციო მომსახურებაზე, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის, ასევე მუნიციპალიტეტების ინტერესების ადვოკატირების გაძლიერებაზე.
ბიუჯეტში აგრეთვე გათვალისწინებულია ორგანიზაციის ახალი ვებ-გვერდისა და ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის შექმნა.
ბიუჯეტის განხილვა დისკუსიის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ათეას 2024 წლის ფინანსურ დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
დღესვე, სხდომის მონაწილეებმა ასოციაციის ადმინისტრაციულ სახელმძღვანელოში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და აპარატის განახლებული საშტატო ნუსხა დაამტკიცეს.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ათეას ახალი ვებ-გვერდის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც დამსწრე საზოგადოებას საიტის დეველოპერებმა წარუდგინეს.
როგორც პრეზენტაციისას აღნიშნა, განახლებული და თანამედროვე დიზაინის მქონე პორტალის მეშვეობით, საზოგადოება მრავალფეროვან და განახლებად ინფორმაციას მიიღებს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ვებ-გვერდზე გამოყენებული იქნება საქართველოს რუკა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დეტალურად გაეცნოს ინფორმაციას ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ონლაინ რეჟიმში წარიმართა.