მარიამ ჯინჭარაძე ასოციაციაში საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს
2024-03-07 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის გუნდს, კიდევ ერთი პროფესიონალი ახალგაზრდა შეემატა.
მარიამ ჯინჭარაძე ასოციაციაში საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს და მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებთან ერთად, გრანტების მოძიებაში დაეხმარება.
ასოციაციაში გაწევრიანებამდე მარიამი მუშაობდა ევროპის ფონდში ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორად. 2021-2023 წლებში მარიამი როგორც მკვლევარი ჩართული იყო პროექტში “დავიცვათ ყველა ბავშვის შესაძლებლობები” (PECP), რომელსაც საქართველოში ერთობლივად ახორციელებდნენ Pure Earth, Clarios Foundation და გაეროს ბავშვთა ფონდი. მარიამს აქვს კვლევის, ანალიზისა და წერილობითი/სინქრონული თარგმანის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, წერის/რედაქტირების ორწლიანი გამოცდილება ევროპელ სტუდენტთა სამეცნიერო კვლევით ცენტრში (EST) და მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთწლიანი გამოცდილება ოქსფორდის უნივერსიტეტის პროგრამაში Oxford Covid-19 Government response Tracker (OxCGRT).
მარიამ ჯინჭარაძემ მოიპოვა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიასა და თარგმანსა და კულტურათშორის ურთიერთობებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით პეჩის უნივერსიტეტიდან.
სწავლის პერიოდში მარიამი ჩართული იყო სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, მათ შორის: EBRD ბიზნეს ფორუმი, აბრეშუმის გზის ფორუმი, ქიმიის ოლიმპიადა და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. მან სტაჟირება გაიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში და უნგრეთში საქართველოს საელჩოში. პეჩის უნივერსიტეტში სწავლის დროს მარიამი ასრულებდა უნივერსიტეტის ელჩის მოვალეობას.
მარიამს გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგი - უსაფრთხოების, ახალგაზრდობის განვითარების, გენდერული მეინსტრიმინგის, ადამიანის უფლებების დაცვის, კლიმატის ცვლილების და პროექტების მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით.