ნინო რუხაძე სამუშაო ვიზიტით კვიპროსში იმყოფებოდა
2024-04-24 00:00:00ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ ნიქოზიაში იმყოფებოდა.
გენერალური სამდივნოსა და დირექტორების ორდღიან შეხვედრას, რომელიც 23-24 აპრილს მოეწყო, CEMR-ის გენერალური მდივანი - ფაბრიციო როსი უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში CEMR-ის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ორგანიზაციის წევრი ასოციაციების წარმომადგენლებს. მათ შორის, საქართველოში თვითმმართველობის განვითარებისა და საქართველოსა და ევროპის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა დავით მელუა.
ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველოის საკითხებში და პროექტის ,,პარტნიორობა საჯარო ადმინისტრირების რეფორმისთვის“ დირექტორი, დავით მელუა, ათეა-ს 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დღემდე მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან.
ღონისძიებაზე CEMR-ის 2023 წლის აქტივობების, ევროკავშირის მწვანე შეთანხმებისა და ძირითადი გზავნილების, ასევე პროექტის „ქალები პოლიტიკაში“ დასკვნები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ორდღიან შეხვედრაზე მონაწილეების ჩართულობით მოეწყო ინტენსიური მრგვალი მაგიდის დისკუსიები, რომლებიც სხვადასხვა თემებს, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე მსჯელობას, ასევე CEMR-ის ახალი აქტივობებისა და 2024 წლის პროექტების პრეზენტაციებს მოიცავდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღონისძიებაზე ქართული მხრიდან გამოითქვა ინიციატივა, გენერალური სამდივნოსა და დირექტორების მომდევნო სხდომის საქართველოში, კერძოდ ბათუმში ჩატარების შესახებ.
შეხვედრა CEMR-ის გენერალურმა მდივანმა, კვიპროსის მუნიციპალიტეტთა კავშირის ხელმძღვანელთან და ნიქოზიის მერთან ერთად შეაჯამა.