ათეა-სა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2024-05-02 00:00:00ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების განვითარებისთვის საჯარო მოხელეების საზღვარგარეთ განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს, ხელი მოაწერეს ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ხელი შეუწყონ თვითმმართველ ერთეულებში დასაქმებული საჯარო მოხელეების პროფესიული გაძლიერებისთვის პროგრამებისა და პროექტების შემუშავება/განხორციელებას.
პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია მჭიდრო თანამშრომლობა სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების მიმართულებითაც, რაც საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას გულისხმობს.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობებსა და რეგიონების საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებებში ცენტრის სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების ფარგლებში კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან კონკურსის წესით შერჩეული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში განათლებას მიიღებენ, კვალიფიკაციას აიმაღლებენ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რეკომენდაციის გამცემ რეგიონებში, უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმდებიან, რათა შეძენილი ცოდნა რეგიონების განვითარებას მოახმარონ.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე, ათეა-ს საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი, მარიამ ჯინჭარაძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.