ნინო რუხაძე: ევროკავშირის კანონმდებლობის 70%-ის იმპლემენტაციას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები რაც  ადგილობრივ ხელისუფლებას პირდაპირ აქცევს ევროკავშირის ბუნებრივ მოკავშირეებად

2024-05-09 00:00:00

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა - ნინო რუხაძემ,  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის კლასტერის  შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,
შეხვედრა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, საქართველოსა და მოლდოვაში ადგილობრივი დემოკრატიის როლსა და შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობაზე მსჯელობას დაეთმო.
სესია დისკუსიის ფორმატს მოიცავდა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წარმომადგენლებთან ერთად მასში ასევე ჩართულნი იყვნენ  საქართველოსა და მოლდოვას ადგილობრივი არჩეული ოფიციალური პირები, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის  ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან აბაშიძე.
გამომსვლელებმა ორგანიზატორებს შეხვედრისთვის  მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პარალელურად, ასეთი დიალოგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ხელს უწყობს ევროპულ და ადგილობრივ დონეებს შორის აზრთა გაცვლასა და ურთიერთობების გაღრმავებას.  
სიტყვით გამოსვლისას,  ნინო რუხაძემ, ევროინტეგრაციის გზაზე თვითმმართველი ერთეულების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  მუნიციპალიტეტები ევროკავშირის კანონმდებლობის 70%-ის იმპლემენტაციას ახორციელებენ, რაც  ადგილობრივ ხელისუფლებას პირდაპირ აქცევს ევროკავშირის ბუნებრივ მოკავშირეებად.
მისივე განმარტებით, მიზნის მისაღწევად აუცილებელია ხელსაყრელი გარემოს შექმნა,  რაც მუნიციპალიტეტებისთვის ფინანსურ დახმარებას,  საჭიროებების წინასწარ შესწავლასა და მათი წარმომადგენლების მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას გულისხმობს.
ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის დაფინანსებაზე წვდომის აუცილებლობაზე ისაუბრა თენგიზ მთვარელაშვილმა.  
თელავის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური, ინსტიტუციური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად, აუცილებელია გარკვეული სახელმძღვანელო მითითებები ამ ინსტრუმენტებზე უფრო ხშირი წვდომისთვის, რაც მისივე განმარტებით, შეიძლება მიღწეული იყოს ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მართული პროგრამების მეშვეობით.
ლევან აბაშიძემ კი, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი პოლიტიკის როლზე ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების პროცესში.  როგორც თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროპეიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის  აუცილებელია მუნიციპალიტეტების მენეჯმენტის შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა, ასევე ასოცირებული პარტნიორების სამეულისა და ევროკავშირის სხვა  წევრი ქვეყნების ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობა, რაც გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ხელშემწყობი მექანიზმი იქნება  მიმდინარე რეფორმების ხილვადობის გაზრდის მიმართულებითაც.დისკუსიების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს. 
ღონისძიებას უძღვებოდნენ ,,PLAFROMA”-ს მრჩეველი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და გეოგრაფიული დიალოგის საკითხებში, ბელა ციხელაშვილი და ლიეტუვის იონისკის რაიონის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ლიეტუვის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენელი, ვაიდა ალეკნავიჩიენე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ტატიანა ბოკუჩავა და ასოციაციის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი, მარიამ ჯინჭარაძე.