ათეა-ს ორგანიზებით, სამეგრელო - ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების  ინტერმუნიციპალური პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა

2024-07-19 00:00:00

მუნიციპალიტეტებში პერსონალური ასისტენტის სერვისის დელეგირების თემას დაეთმო ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მეორე შეხვედრა, რომელშიც სამეგრელო - ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების მუნიციპალიტეტების 30 -მდე წარმომადგენელთან ერთად ჩართულნი იყვნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.  
 
სხდომა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო,

როგორც  ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლაშა არჩვაძემ აღნიშნა, ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ მუნიციპალიტეტებს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სრულად და ჯეროვნად აღსრულებაში. მისივე განმარტებით თვითმმართველ ერთეულებში პერსონალური ასისტენტის სერვისის სტანდარტის დანერგვამდე აუცილებელია შესაბამისი უწყებებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გაზიარება და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების ძიება, რასაც აღნიშნული ფორმატი სრულად პასუხობს.

სხდომაზე, რომელსაც ათეა-ს ექსპერტი, ევროსაბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი ნინო ზურაბიშვილი უწევდა ფასილიტაციას, დამსწრე საზოგადოებას  ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამარ კურტანიძემ და UNICEF-ის წარმომადგენელმა ნინო დავითაშვილმა.  

პირველ სესიაზე ათეა-ს ექსპერტმა ნინო ზურაბიშვილმა  პერსონალური ასისტენტის სერვისის დელეგირების საკანონმდებლო საფუძვლები მიმოიხილა.  თამარ კურტანიძემ კი, დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული სერვისი გააცნო და არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. პერსონალური ასისტენტის სერვისის დელეგირების გამოწვევებზე მსჯელობისას მონაწილეებმა საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს და ექსპერტებთან ერთად მომავალი სხდომის დღის წესრიგი დაგეგმეს.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების მსგავსად, ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც ფუნქციონირებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ათეა ანალოგიური პლატფორმების დაფუძნებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.