ქართულმა დელეგაციამ სტრასბურგში გამართულ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ეროვნული ასოციაციების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2024-09-13 00:00:00

12 და 13 სექტემბერს,  ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა სტრასბურგში 46 წევრი სახელმწიფოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ეროვნული ასოციაციების კონფერენციას უმასპინძლა.

ევროპის საბჭოს 75-ე და კონგრესის 30 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებული კონფერენცია მინისტრთა კომიტეტის ლიეტუვის თავმჯდომარეობის ეგიდით მოეწყო და მასში ევროპიდან წარმოდგენილი 110 მდე ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელი იყო ჩართული.

ღონისძიებაში ქართული მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, სენაკის საკრებულოსა და ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროს  წევრი სევდია უგრეხელიძე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტატიანა ბოკუჩავა.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ დისკუსიებში და მსჯელობდნენ თემებზე თუ როგორ შეუძლიათ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს ეფექტურად უპასუხონ ევროპული დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს. კერძოდ, მრგვალი მაგიდის ფორმატში წარმართული დისკუსიები ფოკუსირებული იყო თემებზე:  „უკრაინის მდგრადობა, რეკონსტრუქცია და რეფორმა“, „დემოკრატიის გაძლიერება ყველა მოქალაქის ჩართულობით“ და „ადგილობრივი ინოვაციები უფრო ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის“.

მონაწილეებმა განიხილეს ახალი მიდგომები კლიმატისა და გარემოსდაცვით გამოწვევებზე და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობაზე, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ.

 ასოციაციების წარმომადგენლებს  ასევე  შესაძლებლობა მიეცათ  კოლეგებისთვის გაეზიარებინათ კარგი მაგალითები პოლიტიკაში სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უფლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ახალგაზრდა დელეგატები, რომლებმაც საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, დოკუმენტით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი, რაც ასევე გულისხმობს კონგრესსა და ეროვნულ ასოციაციებს შორის პარტნიორობის გამყარებას.